სერვისები დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიები ინვიტრო განაყოფიერება (IVF)
ინვიტრო განაყოფიერება (IVF)
ინვიტრო განაყოფიერების (IVF) შესახებ
ინვიტრო განაყოფიერება უშვილობის მკურნალობის დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიაა (ART), რომელიც 1980 წლიდან გამოიყენება და გულისხმობს ქალისა და მამაკაცის სასქესო უჯრედების, ორგანიზმის გარეთ შერწყმას. შედეგად, მიღებული ემბრიონის ქალის საშვილოსნოში გადატანა ხდება. ეს დარგი მუდმივად ვითარდება და დღესდღეობით, ამ მეთოდით უკვე 5 მილიონზე მეტი ბავშვია დაბადებული მსოფლიო მასშტაბით.
ინ ვიტრო განაყოფიერება(IVF) რამდენიმე ეტაპისგან შედგება: საკვერცხის სტიმულაცია; კვერცხუჯრედის ასპირაცია; ემბრიონის განაყოფიერება; ემბრიონის საშვილოსნოს ღრუში გადატანა; დარჩენილი ემბრიონების გაყინვა (ვიტრიფიკაცია);
IVF ციკლის ფაზები
ინ ვიტრო განაყოფიერების პროცესი ხუთი ფაზისგან შედგება:
პირველი ფაზა: საკვერცხეების სტიმულაცია
ნორმალური მენსტრუალური ციკლის დროს, ყოველთვიურად ვითარდება და მწიფდება მხოლოდ ერთი კვერცხუჯრედი. კვერცხუჯრედი მწიფდება საკვერცხეში არსებული, სითხის სავსე ბუშტუკის შიგნით, რომელსაც ფოლიკული ეწოდება. მაგრამ ინ ვიტრო განაყოფიერების მეთოდი რომ ეფექტური იყოს, საჭიროა რამდენიმე კვერცხუჯრედის მიღება. საკვერცხის სტიმულაცია სწორედ ამ მიზნით გამოიყენება, რაც გულისხმობს რამდენიმე დღიან მედიკამენტების მიღებას (ინექციებს). ხოლო ფოლიკულების ზრდის მონიტორინგისთვის ულტრაბგერითი კვლევა და ლაბორატორიული ტესტები გამოიყენება.
მეორე ფაზა: კვერცხუჯრედების ასპირაცია(ამოღება)
როდესაც ფოლიკულები საჭირო ზომას აღწევს, ქალს ფოლიკულების ასპირაცია (ამოღება) უტარდება ბოლო ინექციიდან – 34-36 საათის შუალედში. ეს პროცედურა 15-25 წუთი მიმდინარეობს, უმტკინვეულოდ (ამოღების პროცესი ინტრავენური ანესთეზიით ტარდება) და რაც მთავარია ჯანმრთელობისათვის აბსოლიტურად უსაფრთხოდ.
ჩვენი ექიმები (წვრილი ნემსის მეშვეობით) ფრთხილად ამოიღებენ მომწიფებული კვერცხუჯრედებიდან ფოლიკულურ სითხეს. ამ პროცედურის შემდეგ, პაციენტი რამდენიმე საათის განმავლობაში რჩება ჩვენთან, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, ხოლო შემდეგ უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს.
მესამე ფაზა: განაყოფიერება და კულტივაცია
ჩვენი ემბრიოლოგი ყურადღებით აფასებს ფოლიკულურ სითხეში არსებული კვერცხუჯრედების მდგომარეობას, ამოწმებს მომწიფების სტადიას; აღებული სპერმის ნიმუშიდან, ხდება ყველაზე ჯანსაღი სპერმატოზოიდების გამოყოფა, შემდეგ კი კვერცხუჯრედების განაყოფიერება. ზოგ შემთხვევაში შეიძლება გამოყენებულ იქნას ინტრაციტოპლაზმური სპერმის ინექცია (ICSI). ამ პროცესში ემბრიოლოგს ფიზიკურად შეჰყავს სპერმა კვერცხუჯრედში ინექციის საშუალებით. ICSI შეუძლია დახმარება მამაკაცის უშვილობის გარკვეული პრობლემების გადალახვაში, როგორიცაა, სპერმის დაბალი ხარისხი, სპერმატოზოიდების დაბალი რაოდენობა, ანატომიური ანომალიები, ან ვაზექტომიის შემდგომი უშვილობა.
ემბრიოლოგი აფასებს, თუ რომელი კვერცხუჯრედები განაყოფიერდა წარმატებით, ამ მომენტამდე განხორციელებული უჯრედის დაყოფის შემოწმებით. გადატანამდე, ემბრიოლოგი დაახარისხებს ემბრიონებს საშვილოსნოში წარმატებული იმპლანტაციის ალბათობის მიხედვით. საუკეთესო მახასიათებლების მქონე ემბრიონები, რომლებიც სათანადოდ და ნორმალური ტემპით იყოფა, შერჩეულ იქნება გადატანისთვის.
მეოთხე ფაზა: ემბრიონების გადატანა
IVF პროცედურის საბოლოო ფაზაში, ხდება ჩვენს ლაბორატორიაში განვითარებული ემბრიონების გადატანა პაციენტის საშვილოსნოს ღრუში. პროცედურა უმტკინვეულოა და რამდენიმე წუთის განმავლობაში მიმდინარეობს.
მეხუთე ფაზა: საკონტროლო სისხლის ანალიზები და ვიზიტი მეან–გინეკოლოგთან
ემბრიონის გადატანის შემდეგ პაციენტმა საჭირო მკურნალობა უნდა გააგრძელოს და ემბრიონის გადატანიდან 10-12 დღის შემდეგ, მას ჩაუტარდეს ორსულობის ტესტი. ჩვენი რეკომენდაციაა, რომ ორსულობის დამადასტურებელი ანალიზი, ქორიონული გონადოტროპული ჰორმონი (β-HCG) და პირველი სამეანო ულტრაბგერა (საჭიროებისამებრ) ჩატარდეს ჩვენთან, რათა შევძლოთ სრული სამედიცინო და ემოციური მხარდაჭერის გაწევა.